აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთს არ სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს

ჩინეთი „ბოინგის“ 200 თვითმფრინავს შეუკვეთავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ერთ რამეზე ჩინეთის პრეზიდენტი დღეს დამთანხმდა – აპირებს 200 თვითმფრინავის შეკვეთას. ეს დიდი ამბავია – „ბოინგები“, 200 დიდი ხომალდი. ეს უამრავი სამუშაო ადგილია“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ჩინეთი დათანხმდა ამერიკული ნავთობის შეძენასაც.

„ჩვენ დავიწყებთ ჩინური გემების გაგზავნას ტეხასში, ლუიზიანასა და ალასკაში. ეს არის ერთ-ერთი რამ, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ – ენერგია. ჩვენ გვაქვს შეუზღუდავი ენერგია“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთს არ სურს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩინეთს სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

სი ძინპინზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ძალიან ჭკვიანი და თბილი ადამიანია.

„ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის მთლიანად საქმეზეა კონცენტრირებული. არანაირი თამაში – და ეს კარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, ირანთან შეთანხმების მიღწევის კუთხით მისი მოთმინება იწურება.

„მე აღარ ვიქნები ძალიან მომთმენი. მათ უნდა დადონ შეთანხმება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი დადებდა შეთანხმებას, თუმცა შესაძლოა, ისინი გიჟები იყვნენ“, – განაცხადა მან.

ინტერვიუს დასასრულს ტრამპმა აშშ-სა და ჩინეთს „G2“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო „ისტორიული სამიტი“, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც „ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“.

იტვირთბა....