ახალი ამბები

ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა – ინფორმაცია “პირველების” ეთერში პარტიის “სამართლიანობისთვის” ლიდერმა, იურისტმა ეკა ბესელიამ გაავრცელა. 

როდესაც ირაკლი შაიშმელაშვილს შენ ორი წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯი, ადამიანს, რომელმაც აჩვენა ის გამბედაობა და ის პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ ველოდებით პოლიციელებისგან, რომ არ შეასრულონ უკანონო დავალება, ამხილა ეს რეპრესიული სისტემა, მთელი შიდა ძალიან მძიმე ვითარება და თქვა რომ მე ამას არ გავაკეთებ და წავიდა. 

წავიდა, მაგრამ მას დააწიეს სისხლის სამართლის საქმე, სადაც, სხვათა შორის, არ ვიცი უკვე გასაჯაროვდა თუ არა ეს ინფორმაცია, მაგრამ შემიძლია უკვე გითხრათ, რომ მან მიიღო ამერიკის სახელმწიფოსგან პოლიტიკური თავშესაფარი და ჩვენ მივიღეთ ეს ოფიციალური დადასტურება, ვიყავით ამ პროცესთან ძალიან ახლოს, იცით, რომ ჩვენი იურიდიული ჯგუფი მუშაობს მის საქმეზე აქ ქართულ სასამართლოში, თუმცა გვქონდა ასევე კონტაქტი მის უცხოელ ადვოკატებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმიტომ, რომ ეს პირველი ფაქტია ამ პოლიტიკური დაპატიმრებებიდან, ვინც ეს სტატუსი მიიღო და მიიღოს სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა საქართველოში,” – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და კიდევ ექვს ბრალდებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება, 2026 წლის 7 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსს – 2 წლით პატიმრობა მიესაჯა; მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს, რადგან ექს-მაღალჩინოსანი აშშ-ში იმყოფება. 

  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ – ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს 3-წლამდე ვადით.

ირაკლი შაიშმელაშვილი 2024 წლის 3 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. მან თანამდებობა პროევროპული დემონსტრაციების ძალადობრივად დარბევის ფონზე დატოვა.

იტვირთბა....