ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, საბერძნეთში მწვავე ფინანსური კრიზისის პერიოდში ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა საბერძნეთის ვალის დასაფარად აკროპოლისის გაყიდვის წინადადება დააყენა.
როგორც ბერძნული მედია წერს, კან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ შესაბამისი ინიციატივა ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გაჟღერდა.
ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა მინისტრის ვინაობა, რომელიც აღნიშნული იდეით გამოვიდა.
მოგვიანებით, კან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ საუბარი იყო ქალი მინისტრის შესახებ.
„მახსოვს, ევროჯგუფის სხდომებზე ზოგიერთი ფინანსთა მინისტრი აკროპოლისის გაყიდვას გვთავაზობდა, რათა ფული მიეღოთ. მე ვუთხარი: „გაჩუმდით“, – განაცხადა კან კლოდ იუნკერმა.
მისივე თქმით, საბერძნეთმა 2009 წლის კრიზისამდე ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლების დამალვით ნდობა დაკარგა, რამაც ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა.
„ეს მართლაც დიდი შეცდომა იყო. საბერძნეთმა როცა აღიარა, რომ სხვები შეცდომაში შეჰყავდა, ნდობა დაკარგა. სწორედ ეს იყო მთავარი პრობლემა. ამის შემდეგ ყველას შეეძლო, საბერძნეთზე რაც უნდოდა, ეთქვა“,- განაცხადა კან კლოდ იუნკერმა, რომელიც 2005-2013 წლებში, როგორც ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი, ევროჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ბოლო მონაცემებით, წლის ბოლოსთვის საბერძნეთი ევროზონაში ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყანა აღარ იქნება. მისი ვალის დონე იტალიის მაჩვენებელზე დაბლა ჩამოვა.

