ისრაელი შეშფოთებულია იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ირანთან შეთანხმება მანამდე გააფორმოს, ვიდრე იმ ძირითად საკითხებს გადაჭრის, რამაც თავდაპირველად ეს ორი ქვეყანა ომამდე მიიყვანა, – ამის შესახებ „სიენენი” ისრაელის რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროების თქმით, შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას ნაწილობრივ ხელუხლებელს დატოვებს და გვერდს აუვლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბალისტიკური რაკეტები და რეგიონული „პროქსი“ დაჯგუფებების მხარდაჭერა, აიძულებს ისრაელს, რომ ომი დაუსრულებლად მიიჩნიოს.
როგორც „სიენენი” წერს, ომის ადრეულ ეტაპზე ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ-ს სურდა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განადგურება, რეგიონული დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტა და ბირთვული ობიექტების დახურვა, რათა ქვეყანამ ვერასოდეს შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა. თუმცა, 10 კვირის შემდეგ, მოლაპარაკებები ფოკუსირებულია ურანზე, კერძოდ, მის იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრებაზე და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე.
„არსებობს რეალური შეშფოთება, რომ ტრამპი ცუდ შეთანხმებას მიაღწევს“, – განუცხადა „სიენენს” ერთ-ერთმა წყარომ.
ისრაელის მაღალჩინოსნის თქმით, ქვეყანა კვლავ მაღალ მზადყოფნაშია მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევისთვის.
„ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ შეთანხმება არ შედგება, მოხარული ვიქნებით, თუ ჰორმუზის ალყა გაგრძელდება და მოხარულები ვიქნებით, თუ ირანი კიდევ რამდენიმე დარტყმას მიიღებს“, – განაცხადა წყარომ და აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, თუ ირანელები მოლაპარაკებების გაჭიანურებას გააგრძელებენ, ესკალაცია რეალური სცენარია.

