აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის გამო ევროკავშირში უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ის შეპყრობილია სურვილით, აჩვენოს, რომ მთავარი ფიგურაა” – ბლუმბერგი

ევროკავშირში მზარდია უკმაყოფილება იმის გამო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ უახლოესი გუნდის წევრებს ანდობს და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში მიკრომენეჯმენტს ახორციელებს.

ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროების თქმით, რომლებიც იცნობენ ფონ დერ ლაიენის მუშაობის სტილს, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ის ფანტავს მისი აპარატის რესურსს და ნაკლები ყურადღება ეთმობა ძირითად ეკონომიკურ ამოცანებს. ამის შედეგად კი, შენელებულია ფინ დერ ლაინის ფართო კამპანია, რომელიც ევროკავშირის აღორძინებას უკავშირდება.

კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ფონ დერ ლაიენმა მცირე პროგრესს მიაღწია კომისიის იმ ამოცანის შესრულებაში, რაც გულისხმობს ერთიანი ბაზრის გაძლიერებას და ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რათა უზრუნველყოფილ იყოს ევროკავშირის განვითარება სულ უფრო მეტად მტრულ გარემოში.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, დაძაბულობა, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, ახლა კონტროლს აღარ ექვემდებარება.

სააგენტოს ცნობით, აპრილში ბერლინში გამართულ დახურულ შეხვედრებზე, უსრულა ფონ დერ ლაიენის ყოფილი კოლეგები კონსერვატიული ქრისტიან – დემოკრატიული კავშირიდან, მოითხოვდნენ ევროკომისიის უფლებამოსილებების შეზღუდვას, ხოლო მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დელეგაციებში განაცხადეს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკმარისად სწრაფად არ მოქმედებს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, უკმაყოფილება ასევე იგრძნობა თავად ევროკომისიაშიც, სადაც კომისრები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავს გარიყულად გრძნობენ.

ფონ დერ ლაიენის აპარატის მუშაობის სტილის მცოდნე ადამიანები პირდაპირ კავშირს ხედავენ პრეზიდენტის მართვის სტილსა და იმ ხარვეზებს შორის, რომლებიც უკმაყოფილებას იწვევს.

ისინი ევროკომისიის პრეზიდენტს აღწერენ როგორც ადამიანს, რომელიც შეპყრობილია სურვილით, აჩვენოს, რომ მთავარი ფიგურაა.

„ესა მიდგომა, რომელმაც ბევრი მაღალი თანამდებობის პირი გაანაწყენა“, – წერს „ბლუმბერგი“.

სტატიის მიხედვით, „ცენტრალიზებული მმართველობის სტრუქტურა და დელეგირების სურვილის არქონა ქმნის ბარიერებს, რომლებიც აჭიანურებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. უკმაყოფილებას ასევე იწვევს ის ფაქტი, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი მუდმივად ერევა საქმეში კრიზისების დროს, მაშინაც კი, როდესაც ეს მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება, ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირდეს ძირითად მისიის შესრულებაზე“.

ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ხელმძღვანელად 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა, 2024 წელს ის ხელახლა აირჩიეს.

იანვარში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი უკმაყოფილებას გამოთქვამს ფონ დერ ლაიენის მიმართ და მას დიქტატორს უწოდებს.

იტვირთბა....