რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებები განახლდა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა განაახლეს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმები, დრონებისა და რაკეტების გამოყენებით.
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა კიევზე. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ობოლონის რაიონში ჩამოგდებული რუსული დრონის ნამსხვრევები 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს დაეცა. შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც მოსახლეობამ საკუთარი ძალებით ჩააქრო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დნიპროში კი, რუსული დრონების შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შუაღამიდან მოყოლებული, დილის 09:00 საათამდე ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქების საჰაერო სივრცეში 31 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამის თავდასხმებით რუსეთმა თავად დაასრულა „ნაწილობრივი სიჩუმე”, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
„რუსეთმა თავად აირჩია დასრულება იმ ნაწილობრივი სიჩუმისა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში არსებობდა. ამ ღამით უკრაინის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი გაუშვეს. ფრონტზე კვლავ დაიწყო საავიაციო ბომბების გამოყენება, 80-ზე მეტი, დაფიქსირდა 30-ზე მეტი საჰაერო დარტყმა. დამრტყმელი დრონები ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ნიკოლაევის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის ოლქებში, კიევში და მის რეგიონში. დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი, ასევე დარტყმა განხორციელდა ჩვეულებრივ სამოქალაქო ლოკომოტივზე რკინიგზაზე. ცნობილია, რომ არიან დაჭრილები. სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც“, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში.
მისივე თქმით, უკრაინა, ამაზე საპასუხოდ „სარკისებურად“ იმოქმედებს.
„ჩვენ ვამბობდით, რომ რუსეთის ყველა ნაბიჯზე ვიმოქმედებთ სარკისებურად. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი და სწორედ მან უნდა გადადგას ნაბიჯი რეალური, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ. ვიდრე ეს არ მოხდება, მოსკოვის წინააღმდეგ საჭიროა სანქციები, ეს უნდა გაგრძელდეს და გამკაცრდეს. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მათი შერბილება და პარტნიორები არ გადგნენ განზე, არამედ გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა უსაფრთხოების, სამართლიანობისა და მყარი მშვიდობისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

