საქართველოში არცერთი ელჩის მიმართ არ თქმულა, სულმოუთმენლად ველით, როდის დატოვებს საქართველოსო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
შარმანაშვილმა გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადება შეაფასა, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება „ცილისწამებაა“.
შარმანაშვილის თქმით, გერმანიის ელჩი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს.
„როგორ არის ცილისწამება, ორი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც პირდაპირ არის ვენის კონვენციის საწინააღმდეგო. პირველკურსელი იურისტისთვისაც კი საკმარისია ვენის კონვენციის დღეში ერთი, ორი, სამი დარღვევა დაუფიქსირდეს. რასა იუკნევიჩიენე არ არის ის ფიგურა, რომელსაც შეუძლია ქართველ ერს რამე მიუთითოს. წავიდეს და თავის ერს მიუთითოს, ჩვენ, ქართველები ჩვენს საქმეს მივხედავთ“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს „ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს“. მისი თქმით, „ძალიან სამწუხაროა, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას“.
„მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და, როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს, რამდენიმე კვირა დარჩა მის საქართველოში ყოფნას. ველით, რომ საქართველოს დატოვებს და ეს მომენტი დაგვავიწყდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი გამოეხმაურა და იგი ცილისწამებაში დაადანაშაულა.
„ევროკავშირი 101. როგორ არ უნდა შეხვიდეთ ევროკავშირში: ჩადიხართ ევროკავშირის ერთ წევრ სახელმწიფოში და მეორე წევრის ელჩს ცილს სწამებთ. ევროკავშირი თანამშრომლობასა და სოლიდარობას წარმოადგენს. მაგალითი: გერმანია სლოვაკეთის #1 სავაჭრო პარტნიორია, რაც ინვესტიციებისა და მრეწველობის ცენტრალური ნაწილია. ღრმა ურთიერთდამოკიდებულებას სლოვაკეთის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, – დაწერა პეტერ ფიშერმა X-ზე.

