დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა , – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტის ფარგლებში სანქციები 85 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესდა.
„მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობს დემოკრატიულ პროცესებსა და უკრაინის მიმართ გლობალურ მხარდაჭერას ძირი გამოუთხაროს, სანქციების უახლესი პაკეტის მიზანი ამ საინფორმაციო ომის კამპანიისთვის ხელის შეშლაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა Social Design Agency-ში (SDA) მომუშავე 49 ადამიანს, „კერძოდ, ავტორებს, მთარგმნელებსა და რეჟისორებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან კრემლის პროპაგანდაზე“.
„SDA-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალებით კამპანიები დაგეგმა, სომხეთში პრორუსული ორგანიზაციების შექმნისა და პრორუსული პირების სასარგებლოდ ხელისუფლების ცვლილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

