მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ პროცესი ახალ ეტაპზე გადადის. კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ალან გაგლოევმა დაადასტურა, რომ რეგიონი მზად არის „ერთიანი რუსული სამყაროს“ ნაწილად იქცეს.
საუბარია პროცესზე, რომელიც ოკუპირებული რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ სისტემებთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს. არსებული შეთანხმებების მიხედვით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს სამართალდამცავი სისტემის, საბაჟოსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების რუსულ მოდელთან სრული დაახლოება.
რუსული მედიისა და საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებით ირკვევა, რომ მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი — მათ შორის პენსიები და ხელფასები — პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
შეთხნამების გაფორმების პროცესში სიტყვით გამოვიდა ალან გაგლოევი, რომელმაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსული ნარატივი გაიმეორა და მოსკოვს მადლობა გადაუხადა.
“მე, რა თქმა უნდა, ძალიან ვამაყობ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო და ასეთ მნიშვნელოვან დღეს ხელი მოვაწერო მოკავშირეობის ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის. ეს დოკუმენტი იმის დასტურია, რომ ჩვენი მჭიდრო მოკავშირე ურთიერთობები განვითარების ახალ დონეზე გადადის.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი იქნება ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისი. ამიტომ, სიამაყის გრძნობით ვარ აღვსილი ამ დიდ მოვლენაში მონაწილეობის გამო, იმის გამო, რომ წილად მხვდა ნაბიჯი გადამედგა დიდი რუსეთთან ერთიანობის გზაზე, ჩვენი უფროსების არჩევანის გზაზე”, – განაცხადა გაგლოევმა პუტინთან შეხვედრის დროს.
ალან გაგლოევის განცხადებების შემდეგ, კრემლში სიტყვით გამოვიდა თავად ვლადიმერ პუტინიც. რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ რეგიონთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შეთანხმებები „სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის სრულყოფას“ ემსახურება. პუტინის თქმით, მოსკოვისა და ცხინვალის თანამშრომლობა განსაკუთრებით ეკონომიკურ და სოციალურ მიმართულებებში გაძლიერდება.
“ვიცი, რომ თქვენ მუშაობდით ამ დოკუმენტზე. ეს არის ჩვენი სახელშეკრულებო-სამართლებრივი, ნორმატიული ბაზის სრულყოფა და ის მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, პირველ რიგში სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და სოციალური საკითხების გადაჭრაში სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მიხარია თქვენი ნახვა საზეიმო ღონისძიებებზე, რომლებიც ეძღვნება დიდი სამამულო ომში საბჭოთა ხალხის საერთო გამარჯვებას”, – განაცხადა პუტინმა.

