უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხი ადგილიდან არ დაიძვრება მოლაპარაკებების ათობით რაუნდის შემდეგაც კი, თუ კიევი დონბასიდან თავის ჯარებს არ გაიყვანს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
„სანამ უკრაინა ამ ნაბიჯს არ გადადგამს, შეგვიძლია მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდი, ათობით რაუნდი ჩავატაროთ, მაგრამ მაინც ერთსა და იმავე ადგილას ვიქნებით, გესმით? აი, რაშია საქმე“, – აღნიშნა უშაკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკელი ბიზნესმენი, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი საკმაოდ მალე ჩავლენ მოსკოვში.
„ადრე თუ გვიან, ვფიქრობ, საკმაოდ მალე ჩვენი მუდმივი კოლეგები სტივ უიტკოფი და კუშნერი ჩამოვლენ მოსკოვში და ჩვენ გავაგრძელებთ მათთან დიალოგს“, – განაცხადა უშაკოვმა.

