“მე ვფიქრობ, სპეცრაზმების დაკავება ეს არის, პირველ რიგში, რეჟიმის უკან დახევის გამოხატულება” – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
ის აცხადებს, რომ სპეცრაზმელების დაკავება ხელისუფლების სისუსტისა და საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების მცდელობის ნიშანია. მისი თქმით, ძალადობაში მონაწილე სამართალდამცავთა უმრავლესობა დღემდე დაუსჯელია, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამბობს, მათ ადამიანის უფლებები და მოქმედი კანონმდებლობა უხეშად დაარღვიეს.
„მე ვფიქრობ, სპეცრაზმების დაკავება ეს არის, პირველ რიგში, რეჟიმის უკან დახევის გამოხატულება. რეჟიმი არის მიმწყვდეული კუთხეში, მას სურს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. მან იცის, რომ მას არ გააჩნია არც დემოკრატიული მანდატი ქვეყნის შიგნით და არც საერთაშორისო ლეგიტიმაცია და, რა თქმა უნდა, ახლა ცდილობს სტაბილიზაციას. აი, ამის ნიადაგზე, წლინახევრის თავზე, გაახსენდა, რომ თურმე ამ ქვეყანაში დამნაშავეები დაბოგინობენ.
წლინახევრის განმავლობაში არცერთი საქმე არ ყოფილა გამოძიებული, არცერთი სამართალდამცავი არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული და ახლაც 99% იმ კანონდამრღვევებისა, რომლებიც ძალადობდა ადამიანებზე და აბსოლუტურად ყოველგვარი გონივრულობის, ძალის პროპორციულობის, ადამიანის უფლებების, პოლიციის შესახებ კანონის და საერთოდ, საქართველოს ნორმატიული კანონებისა და აქტების დარღვევით ოპერირებდნენ ადამიანების წინააღმდეგ – არცერთი მათგანი არ არის რეალურად დასჯილი. ახლაც რამდენიმე ადამიანია მხოლოდ პასუხისგებაში მიცემული, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა პასუხისგებაში არ არის მიცემული“, — განაცხადა გრიგოლ გეგელია-მ „მეტრონომთან“.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სპეცრაზმს, არამედ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და იმ ძალოვან პირებს ეკისრებათ, რომლებიც უკანონო ბრძანებებს გასცემდნენ. მისი თქმით, ე.წ. „ხარება“ ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია იმ პირებისა, ვინც, საბოლოოდ, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
„პირველ რიგში, აქ უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. რა თქმა უნდა, სპეცრაზმი ასრულებს ამა თუ იმ ბრძანებას, რომელსაც ძალოვანი გასცემს. მეორეა, რომ ძალოვნებს ყოველთვის, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, დავალებას აძლევენ პოლიტიკოსები, ასე იმართება სახელმწიფო ყველგან. შესაბამისად, ერთი მხრივ, დგას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, და ამავე დროს დგას იმ ძალოვნების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც გასცა კანონთან შეუსაბამო ბრძანებები და ვინც ახდენდა ამა თუ იმ ოპერაციის კურირებას.
ჩვენ ბრძანებები თუ არა, ის გვახსოვს, როგორ სცემდა ეგრეთწოდებული „ხარება“ ადამიანებს. კადრები არსებობს, რომელიც მთელ საქართველოს აქვს ნანახი, როგორ მიათრევდნენ მის ჯიპთან უდანაშაულო ადამიანებს და როგორ ურტყამდა ეგრეთწოდებული „ხარება“. შორს რომ არ წავიდეთ, აი, გვყავს ერთი მკაფიო მაგალითი იმ პირისა, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იქნეს დასჯილი და ახლა იქნება თუ როცა იქნება, ის აუცილებლად დაისჯება, მაგრამ რაც უფრო მალე იქნება, მით უკეთესი.
მე ველი, რომ „ხარებაც“ იქნება ერთ-ერთი, ვისაც შეეფარდება ესა თუ ის პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ცდილობს გადარჩეს და ის, რა თქმა უნდა, არავის არ დაინდობს. ეს, მე ვფიქრობ, უნდა იყოს კარგი გაკვეთილი ყველა ძალოვნისთვის, რომ, სანამ ადამიანებზე იძალადებენ, უნდა ახსოვდეთ, რომ პირველი მათ გაწირავთ რეჟიმი, იმიტომ რომ ვირთხების რეჟიმი ყოველთვის ასე მუშაობს კაცობრიობის ისტორიაში“, — თქვა გრიგოლ გეგელიამ „მეტრონომთან“.

