4 ოქტომბერი არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მონტენეგროში განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, რეალურად, არის მცდელობა, დაიფაროს ის პოლიტიკური დანაშაული, რომელიც ბრიუსელმა ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ.
„4 ოქტომბრამდე მიმავალ გზაზე ჩვენ არაერთხელ ვაფრთხილებდით ყველა იმ უცხოელს, ელჩი იქნება თუ პოლიტიკოსი, რომელიც დადიოდა სალომე ზურაბიშვილთან და პრეზიდენტის შტანდარტის ფონზე ფოტოებს იღებდა მასთან, ანუ ამით აქეზებდა სალომე ზურაბიშვილს და მის პოლიტიკურ ალიანსში მყოფ ადამიანებს, რომ ეს ცრუ პრეზიდენტობა არ დაეთმოთ. შემდეგ ვიხილეთ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა წინასწარ დაანონსებულ ძალადობას. ნეპალის სცენარი დაგვიანონსეს 4 ოქტომბერს და ევროკომისიამ დაუჭირა მხარი. თავად 4 ოქტომბერს ძალადობის მიმდინარეობისას, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიდიოდა, პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველა, ბრიუსელიდან გაისმა მხარდამჭერი ხმები. ამიტომ, 4 ოქტომბრის ძალადობა, 25 დაშავებული პოლიციელი, გადატრიალების მცდელობა, სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.
ახლა ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, ასევე დაფინანსებულს იმ უცხოელებისგან, რომლებიც 4 ოქტომბერს გვიგეგმავდნენ. არის მცდელობა, რომ ის ჯგუფი, რომელიც საქართველოს მართლა ბნელ წარსულში დაბრუნებას აპირებდა, გაამართლონ და რაიმენაირად კამპანია შექმნან უცხოეთში, თორემ საქართველოში ვერაფერს დააჯერებენ. უნდა გააკრან პლაკატები ევროპარლამენტში და თქვან, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდამსხმელები გმირები არიან – ვინც სამოქალაქო ომის ინსპირაციას აწყობს, სისხლისღვრა უნდა, ნეპალი უნდა, ხალხის ხეზე ჩამოკიდება უნდა, ადამიანის დახრჩობა და დატყვევება უნდა, ეს ადამიანები არიან გმირები. აი, ეს არის ცივილიზაციური უფსკრული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ყველა, ვინც ესტონურ ორგანიზაციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აფინანსებს, საქართველოს მტერია.
„მე ვნახე ესტონური ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბანერი, რომელიც ამბობს, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები. მინდა, საქართველომ კარგად იცოდეს, ყველა, ვინც ამ ორგანიზაციას აფინანსებს, არის საქართველოს მტერი. უნდა ჩავეძიოთ, ვინ აფინანსებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და გავიგებთ, ვინ არის საქართველოს მტერი. 90-იანი წლების დაბრუნების სცენარის გამართლებას ვინც ცდილობს და ვინც აფინანსებს, ის არის საქართველოს მტერი და სხვა არაფერი. ეს უნდა ითქვას. ჩავეძიებით. ვიცით, ამ ორგანიზაციის ოფისი სადაც არის დარეგისტრირებული, ის ხუხულა და ვნახავთ ცოტა ხანში, გავერკვევით, ვისი ფული იხარჯება საქართველოში სისხლისღვრის ინსპირაციისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

