ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შევძლებთ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას, – ამის შესახებ კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ყველა განცხადება, რომელიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში კეთდებოდა, შეიცავდა სიცრუეს და ცილისწამებას.
„ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ საქართველო მზადაა, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. კატეგორიულად მიუღებელი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, განცხადებები, მუქარები, რომელთაც ვისმენდით. ყველა განცხადება, რა თქმა უნდა, შეიცავდა სიცრუეს, დაფუძნებული იყო ტყუილზე, იყო მხოლოდ ცილისწამება. პრეზიდენტმა ტრამპმა როდესაც არჩევნებში გაიმარჯვა, მაშინვე ვთქვით, რომ ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და რაც მთავარია, ეს უნდა იყოს მეგობრული, პარტნიორიული, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული და გათვალისწინებული. დღესაც ამ პოზიციაზე ვართ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე ასევე გამოეხმაურა თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ახალ კონტრტერორისტულ სტრატეგიას და განმარტა, რომ მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშეა, რის ფონზეც პრიორიტეტი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.
„ვაკვირდებით რა პროცესები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, თვალს ვადევნებთ რუსეთ-უკრაინის ომს. მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლების საფიქრალი ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

