საფრანგეთის სასამართლომ ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პირობით ვადამდე გათავისუფლების თხოვნა დაუკმაყოფილა.
საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო კამპანიისას ნიკოლა სარკოზის შტაბმა 2012 წლის არჩევნების დროს, PR სააგენტო Bygmalion-სგან 18 მილიონ ევროზე მეტი მიიღო, თუმცა აღნიშნული თანხების ოფიციალურ ხარჯებში დაფიქსირება არ მოხდა, რის გამოც სარკოზის ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
მალევე, ეს ვადა ექვს თვემდე შეუმცირეს და პატიმრობის ნაცვლად, ელექტრონული სამაჯურის ტარების შესაძლებლობა მისცეს.
თუმცა ახლა, როდესაც სასამართლომ პირობით ვადამდე გათავისუფლების თხოვნა დაუკმაყოფილა, სარკოზი ამ სამაჯურსაც მოიხსნის.
ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის კიდევ ორ საქმეში. 2021 წლის მარტში ის საფრანგეთის საკასაციო მოსამართლის მოსყიდვაში ცნეს დამნაშავედ, რისთვისაც ერთწლიანი პატიმრობა და დამატებით ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. თუმცა სასჯელის რეალური ვადა შინაპატიმრობითა და ელექტრონული სამაჯურის ტარებით შეეცვალა. 2025 წლის სექტემბერში ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს ლიბიის ყოფილ მმართველ მუამარ კადაფისთან დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომელსაც მისი საარჩევნო კამპანია უნდა დაეფინანსებინა. სასამართლომ ამ საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, სასჯელის მოხდის გადავადების უფლებით. შედეგად, ნიკოლა სარკოზიმ ციხეში 20 დღე გაატარა და სასამართლოს ზედამხედველობით გაათავისუფლეს. ამჟამად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საქმეს განიხილავს.

