მოწმესაც გაეცინა, ტერაქტთან დაკავშირებით კითხვამ მასში ღიმილი გამოიწვია – ამის შესახებ ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი ლექსო კაპანაძე, რომელმაც სასამართლოს კანცელარიაში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
“ფაქტობრივად, მოსამართლემ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა ის, რომ არ შეიძლება მოწმეს და ადამიანს გასჩენოდა შთაბეჭდილება და ადამიანის ამით შეშინებოდა, ანუ მომხდარიყო მოსახლეობის დაშინება. შეუძლებელია იმ კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურის ან ქმედების დასახელება, რომლის მუშაობაც შეიძლება შეფერხებულიყო. სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ თუ მოსამართლე ახლავე ამბობს გადაწყვეტილებას, რომ შეუძლებელია ასეთი განცდა გასჩენოდა კონკრეტულ ადამიანს და მითუმეტეს იმ ადამიანებს, ვინც შემთხვევის ადგილი ნახეს, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ და უმაღლესი იურიდიული განათლება აქვთ, შეუძლებელია ასეთი შედეგები გამოეწვია ზოგადად მოსახლეობაში. ეს პირდაპირ გამორიცხავს იმას რომ აქ ტერაქტის მცდელობას აქვს ადგილი. თვითონ მოწმესაც, გაეცინა, ტერაქტთან დაკავშირებით კითხვამ მასში ღიმილი გამოიწვია“ , – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

