ირანში ომის დაწყების შემდეგ პირველად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინელ კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის შეხვდა, რითაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირებს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სი ძინპინთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე.
გავრცელებული ცნობით, ეს ჩინეთის დედაქალაქში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ომმა ნავთობის მიწოდების კუთხით ისტორიაში ყველაზე მძიმე შოკი გამოიწვია და ჩინეთის, როგორც მსოფლიოში ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორის ენერგეტიკული უსაფრთხოება შეარყია.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანამდე პაკისტანში, ომანსა და რუსეთშიც იმყოფებოდა. რაც შეეხება დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრას, ისინი 14-15 მაისს პეკინში შეხვდებიან, რათა პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო ურთიერთობები და სხვა სფეროებში არსებული გამოწვევები განიხილონ. ამერიკელი და ჩინელი ოფიციალური პირები სამიტისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდნენ.

