დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მაჯნუნ მამედოვთან გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანს შორის სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და მიმდინარე სამუშაო ფორმატები მყარ საფუძველს ქმნის პარტნიორობის გაღრმავების და კონკრეტული შედეგების მისაღწევად.
ხაზი გაესვა ინსტიტუციურ ჩარჩოს, მათ შორის, 2022 წელს ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმსა და 2025 წელს შექმნილ ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს ეფექტიან პლატფორმას სექტორული კოორდინაციისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
„შეხვედრაზე განვიხილეთ აგროსასურსათო სექტორში თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და ღირებულებათა ჯაჭვების განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. საქართველო-აზერბაიჯანს შორის აგროსასურსათო ვაჭრობა სტაბილურად იზრდება და არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი მისი შემდგომი გაფართოებისთვის“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 207.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 19%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. 2025 წელს აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან ექსპორტში აზერბაიჯანის წილი 11%-ია.
ამავე პერიოდში, აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირებულია 98.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36%-ით აღემატება. 2025 წელს აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან იმპორტში აზერბაიჯანის წილი 4%-ია.
„საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები მტკიცდება და ეფუძნება მეგობრულ, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას. გვაქვს თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და კვლევების მიმართულებით, მათ შორის სასაზღვრო დაავადებებთან ერთობლივი ბრძოლის კუთხით. აქტიურად ვთანამშრომლობთ მეღვინეობის კუთხითაც. ქართული ღვინო მსოფლიოში დიდი პოპულარულობით სარგებლობს, და აზერბაიჯანი მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია. ქართველ მეღვინეებს აქვთ მდიდარი გამოცდილება და ცოდნა, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლოა“, – განაცხადა მაჯნუნ მამედოვმა.

