აშშ-ის პოზიციის გამო ევროპას რუსეთის ხელმძღვანელობასთან დიალოგის აღდგენა მოუწევს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გაზეთ Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა.
ალექსანდრ სტუბის განცხადებით, რუსეთის მიმართ აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკა ერთმანეთს არ ემთხვევა.
„ევროპაში რუსეთს უსაფრთხოების წინაშე არსებულ ყველაზე დიდ საფრთხედ აღიქვამენ, მაშინ როცა აშშ-ში ეს აუცილებლად ასე არ აღიქმება“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
მისი თქმით, „გარკვეულ მომენტში ევროპას რუსეთთან დიპლომატიური არხების აღდგენა მოუწევს“.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, შეესაბამება თუ არა ევროპის ინტერესებს აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთის ან უკრაინის მიმართ. თუ პასუხია – არა, მაშინ იმ მომენტს ვუახლოვდებით, როდესაც ევროპელ ლიდერს პრეზიდენტ პუტინთან კოორდინირებული ურთიერთობა მოუწევს. ეს დისკუსია ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპელ ლიდერებს შორის მიმდინარეობს“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

