კიმ ჩენ ინი ახალგაზრდებს ცენტრალურ ძალად განიხილავს როგორც შიდა მობილიზაციისთვის, ისე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მათი სამხედრო როლისთვის – წერს Reuters ჩრდილო კორეის ახელმწიფო მედია KCNA-ზე დაყრდნობით.
KCNA-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ფხენიანში მმართველი პარტიის ახალგაზრდული ლიგის ყრილობის დელეგატებს შეხვდა.
„სოციალისტური პატრიოტული ახალგაზრდული ლიგის“ მეთერთმეტე ყრილობა – ხუთ წელიწადში ერთხელ გამართული პოლიტიკური შეკრება, რომელიც 14-დან 30 წლამდე მოქალაქეების მობილიზებას ისახავს მიზნად – გასულ კვირას დედაქალაქში მასობრივი მიტინგებით, ჩირაღდნების მსვლელობითა და გალა-კონცერტით დასრულდა.
კიმმა დელეგატებს განუცხადა, რომ ახალგაზრდობა სახელმწიფო მიზნების წინსვლის „ავანგარდია“ და ლიგას პარტიის გადაწყვეტილებების აღსრულების მთავარი ძალა უწოდა. მან მოუწოდა ორგანიზაციული სიმტკიცისკენ, იდეოლოგიური დისციპლინისკენ და მონაწილეებთან ერთად ჯგუფური ფოტოც გადაიღო.
გამოქვეყნებულ წერილში მმართველმა „შრომის პარტიამ“ პირდაპირ დაუკავშირა ახალგაზრდების ერთგულება ფხენიანის მონაწილეობას უკრაინის ომში. ყრილობისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ ოპერაციებში გაგზავნილი ახალგაზრდა ჯარისკაცები ქვეყნის ღირსების დასაცავად „ბომბებად და ალად იქცნენ“.
სამხრეთ კორეელი, უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირების მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ კურსკის რეგიონში რუსეთის მხარეს საბრძოლველად დაახლოებით 14,000 ჯარისკაცი გაგზავნა. მათივე თქმით, 6,000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო უკვე დაიღუპა.
წინა თვეში კიმმა ფხენიანში ახალი მემორიალი გახსნა ამ ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად.

