„აზიის განვითარების ბანკი“ საქართველოს კერძო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი მიმართულებით თანამშრომლობას გეგმავს, – ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იზაბელ ჩატერტონმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ADB საქართველოში თანამშრომლობს როგორც საბანკო სექტორთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით.
„აზიის განვითარების ბანკი“ აქტიურად თანამშრომლობს ქართულ საბანკო სექტორთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საკრედიტო მიმართულებას მიკრო საწარმოებისთვის.
ენერგოეფექტური სასუქის პროგრამის ფარგლებში 2025 წელს „რუსთავი აზოტი ინდორამასთან“ ერთად საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და გააძლიერებს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას.
გასულ წელს TBC ბანკთან თანამშრომლობით, ჩვენ ხელი შეუწყვეთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაფართოებას. ეს თანამშრომლობა განხორციელდა საწარმოების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების მოცულობის ზრდა და განვითარებაა.
ამრიგად, „აზიის განვითარების ბანკი“ საქართველოს კერძო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი მიმართულებით თანამშრომლობას გეგმავს“, – განაცხადა იზაბელ ჩატერტონმა.
მანვე ისაუბრა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში კერძო სექტორის გაძლიერების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ფინანსების მიმართულებით.
იზაბელ ჩატერტონის თქმით, გლობალური გაურკვევლობის, კლიმატური რისკების, სავაჭრო და საინვესტიციო მოდელების ცვლილების, ასევე სწრაფი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პირობებში კერძო სექტორთან თანამშრომლობა არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა.
„საკმარისი ფინანსების მოსაზიდად მხოლოდ საჯარო რესურსები არ არის საკმარისი. წარმატებას განსაზღვრავს ჩვენი უნარი, ეფექტურად მოვიზიდოთ კერძო კაპიტალი, შევქმნათ ინვესტირებისთვის მიმზიდველი პროექტები და ვმართოთ რისკები ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ფართომასშტაბიან ფინანსებზე წვდომა. ეს არის ჩვენი ძირითადი ფოკუსი კერძო სექტორის განვითარების კუთხით“, – აცხადებს ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი.
შეგახსენებთ, „აზიის განვითარების ბანკის“ ყოველწლიური შეხვედრები 3-6 მაისს უზბეკეთში, სამარყანდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“.
ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.

