ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიერ ბალტიის რეგიონში რუსეთის საპორტო ობიექტებზე დარტყმების მიმართ.
აღნიშნული განცხადება კრისტენ მიხალმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დრონები ესტონეთისა და ფინეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
კრისტენ მიხალმა ინციდენტებში კრემლი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინის „სამოქალაქო ობიექტებს, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეებს“.
მისივე თქმით, გასაგებია, რომ უკრაინა თავს იცავს.
„ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ უკრაინა თავს იცავს და ანადგურებს რუსეთის ფულის გამომმუშავებელ მანქანას, მათ შორის თავდაცვისთვის განკუთვნილ სხვადასხვა საპორტო ობიექტს“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის დაწყებამდე მიცემულ ინტერვიუში.
თუმცა, მისივე თქმით, „ომის ნამსხვრევები“ ესტონეთის საჰაერო სივრცეში არ უნდა მოხვდეს.
„ჩვენი მარტივი თხოვნა ან გზავნილი არის, რომ „ომის ნამსხვრევები“ ჩვენს საჰაერო სივრცეში არ უნდა მოხვდეს“, – განაცხადა კრისტენ მიხალმა.
გარდა ამისა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ტექნოლოგიურ სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან რუსეთისა და უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნები სამხედრო დრონების მონიტორინგისა და ჩამოგდების პროცესში, როცა ისინი საზღვრებს კვეთენ.
მისივე განმარტებით, ესტონეთი ყიდულობს ახალ რადარულ სისტემებს და უკვე აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემები.

