თუ კაია კალასი ვინმე სხვას მიმართავს და არა ქართველ ხალხს, ესეც გვითხრას – მან ქართველი ხალხის არჩევანი ძალიან კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისივე თქმით, „როდესაც ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს და გიწუნებს პოლიტიკას, ალბათ, ძალიან მარტივია, გააკეთო არჩევანი, სად დგას სიმართლე“.
„უბრალოდ, ჩვენს შეფასებებს რომ არ დავეყრდნოთ, ალბათ, საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა ევროკავშირი როგორც ეკონომიკურად, ასევე გეოპოლიტიკური პოზიციონირებით, რამდენი გამოწვევა აქვს ევროკავშირს როგორც ინსტიტუციას და წევრი სახელმწიფოები, რიგ შემთხვევაში, როგორ აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელიც კაია კალასი და მისი მსგავსი ლიდერები უჭერენ მხარს. ამიტომ როდესაც ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს და გიწუნებს პოლიტიკას, ალბათ, ძალიან მარტივია, გააკეთო არჩევანი, სად დგას სიმართლე, იმასაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესთან, მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია. თუ კაია კალასი ვინმე სხვას მიმართავს და არა ქართველ ხალხს, ესეც გვითხრას. ქართველი ხალხის არჩევანი მან ძალიან კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს,“ – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს. „რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კაია კალასმა.

