დამოუკიდებელი რუსული საგამოძიებო მედიაპლატფორმა Важные истории წერს, რომ მოიპოვა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის ანგარიში კრემლში არსებული რეალური ვითარებისა და ვლადიმერ პუტინის მდგომარეობის შესახებ. გამოცემის ცნობითვე, დოკუმენტი მათ იმ სპეცსამსახურთან დაახლოებულმა წყარომ გადასცა, რომელმაც აღნიშნული ანგარიში შეადგინა. წყარო, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მთავრობაში ოფიციალურ პოსტს იკავებს
Важные истории-ს ცნობით, დოკუმენტში წერია:
“2026 წლის მარტის დასაწყისიდან კრემლი და ვლადიმერ პუტინი შეშფოთებულნი არიან სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვით, ასევე რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების ან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის რისკით. კერძოდ, ის უფრთხის რუსული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) შესაძლო გამოყენებას მასზე თავდასხმის განსახორციელებლად.
ამასთან დაკავშირებით, ფედერალურმა დაცვის სამსახურმა, პუტინის გარშემო უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გაამკაცრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუმრები გადიან შემოწმების ორ დონეს, მათ შორის სრულ დათვალიერებას ФСО-ს [ფედერალური დაცვის სამსახური] თანამშრომლების მიერ.
ФСО-მ არსებითად შეამცირა იმ ადგილების სია, რომლებსაც პრეზიდენტი რეგულარულად სტუმრობს; არც ის და არც მისი ოჯახი აღარ ჩადიან თავიანთ რეზიდენციებში მოსკოვის ოლქსა და ვალდაიზე.
უკრაინაში ომის დაწყებიდან პუტინი ხშირად აფარებს თავს მოდერნიზებულ ბუნკერებს, კერძოდ კრასნოდარის მხარეში, სადაც შეუძლია კვირაობით იმუშაოს, მაშინ როცა რუსული მედია წინასწარ მომზადებული ვიდეომასალების გამოყენებას აგრძელებს.
წელს არ დაორგანიზებულა არცერთი გასვლა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, 2025 წლის ხშირი ვიზიტებისგან განსხვავებით.
მოსკოვის ცალკეულ რაიონებში პერიოდულად ითიშება საკომუნიკაციო ქსელები.
ФСО-ს თანამშრომლები ატარებენ მასშტაბურ შემოწმებებს კინოლოგიური ქვედანაყოფების გამოყენებით, ასევე განლაგებულნი არიან მდინარე მოსკოვის გასწვრივ, რათა მზად იყვნენ დრონების შესაძლო შეტევებზე რეაგირებისთვის.
ФСО ახლა აკონტროლებს და ათანხმებს ნებისმიერ საინფორმაციო თუ მედია პუბლიკაციას პრეზიდენტის მონაწილეობით, რისთვისაც პრეზიდენტის საიდუმლო განკარგულებას ეყრდნობა.
თანამშრომლებს, რომლებიც პუტინის სიახლოვეს მუშაობენ, აეკრძალათ მობილური ტელეფონებით სარგებლობა. ისინი ვალდებულნი არიან გამოიყენონ მოწყობილობები ინტერნეტთან წვდომის გარეშე. ამავე თანამშრომლებს აეკრძალათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა — ისინი გადაადგილდებიან ექსკლუზიურად ФСО-ს ტრანსპორტით. მზარეულების, ფოტოგრაფებისა და დაცვის წევრების სახლებში კი დამონტაჟდა სათვალთვალო სისტემები.” – ნათქვამია სადაზვერვო დოკუმენტში.
ამავე ანგარიშის თანახმად, “სერგეი შოიგუ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და 2024 წლის მაისიდან — რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც სამხედრო სარდლობაში მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის რისკთან ასოცირდება.
“…2025 წლის 22 დეკემბერს მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტ ფანილ სარვაროვის მკვლელობის შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმერ პუტინს შესთავაზა უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრების სხდომის მოწვევა სიტუაციის განსახილველად…ამ თათბირის დროს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, იმ ხარვეზებზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებდნენ, რომლებიც უკრაინული სპეცსამსახურების თავდასხმების ფონზე გამოიკვეთა.
გერასიმოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში შიშსა და დეზორგანიზაციას იწვევს და სპეცსამსახურების კოლეგები მკაცრად გაკიცხა მათი აღკვეთის უუნარობის გამო.
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი თავს იმართლებდა და ხაზს უსვამდა თავდასხმების სისტემური პრევენციის შეუძლებლობას.
ეროვნული გვარდიის დირექტორმა ვიქტორ ზოლოტოვმა კი შეახსენა დამსწრეებს, რომ მის განკარგულებაში არსებული რესურსები ვერ გამოიყოფა თავდაცვის სამინისტროს ოფიცრების დასაცავად. ” – წერია დოკუმენტში.

