ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

” ირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზების უმეტესობა დააზიანა”- CNN

ტელეკომპანია CNN-ის გამოძიების თანახმად, ირანმა და მისმა მოკავშირეებმა ახლო აღმოსავლეთის რვა ქვეყანაში აშშ-ის, სულ მცირე, 16 სამხედრო ობიექტი დააზიანეს, რის გამოც ზოგიერთი პოზიცია პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა.

ანგარიში ეყრდნობა ათეულობით სატელიტურ ფოტოსა და ინტერვიუებს წყაროებთან აშშ-სა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში. კონგრესის ერთ-ერთი თანაშემწის თქმით, რომელიც ზარალის შეფასების შესახებ ინფორმირებულია, დაზიანებული ობიექტები რეგიონში არსებული ამერიკული სამხედრო პოზიციების უმრავლესობას შეადგენს.

„შეფასებები სხვადასხვანაირია“, – განაცხადა წყარომ. „მოსაზრებები განსხვავებულია: დაწყებული უკიდურესი პოზიციით, რომ ობიექტი სრულად განადგურებულია და უნდა დაიხუროს, დამთავრებული იმ ლიდერების ხედვით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი აღდგენა აუცილებელია“.

„მსგავსი არაფერი მინახავს“, – განაცხადა აშშ-ის კიდევ ერთმა წყარომ, რომელიც სიტუაციას დეტალურად იცნობს.

სატელიტურმა სურათებმა აჩვენა, რომ თეირანის მთავარ სამიზნეებს შორის იყო: თანამედროვე სარადარო სისტემები; საკომუნიკაციო სისტემები; თვითმფრინავები.

აღნიშნული აქტივების უმეტესობა ძვირადღირებულია და მათი ჩანაცვლება რთულია. კონგრესის თანაშემწის თქმით, ირანმა ზუსტად განსაზღვრა ყველაზე ხარჯთეფექტური სამიზნეები: „ჩვენი სარადარო სისტემები რეგიონში ყველაზე ძვირადღირებული და შეზღუდული რესურსია“.

ოთხშაბათს, პენტაგონის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჯულს ჰერსტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ირანთან ომი აშშ-ს აქამდე 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თუმცა, ინფორმირებულმა წყარომ მოგვიანებით CNN-ს განუცხადა, რომ რეალური დანახარჯები 40-დან 50 მილიარდ დოლარამდეა.

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, რომლებიც ამერიკულ სამხედრო ბაზებს მასპინძლობენ, ირანის თავდასხმების მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე იწვნიეს. ისინი ვაშინგტონს კერძო საუბრებში აკრიტიკებენ ომის დაწყების გამო მათთან კონსულტაციების გარეშე.

„ომმა დაგვანახა, რომ აშშ-თან ალიანსი ვერ იქნება ექსკლუზიური და ის არ არის ხელშეუხებელი“, – განუცხადა CNN-ს საუდის არაბეთის წარმომადგენელმა.

იტვირთბა....