სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს და მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, სახელმწიფო პრიორიტეტად განისაზღვრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან და ამის შემდეგ დაიწყო სოფლის მეურნეობის გაძლიერება, – ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
სონღულაშვილმა აგრარული დარგის განვითარების ხედვაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ პირველი ეტაპი გავლილია და ახლა შემდგომი ფაზა იწყება.
„აუცილებელი იყო იმ პროგრამების განხორციელება, რომ დღეს ამ ფორმაზე და შინაარსზე გვესაუბრა, ასეთი გადაწყვეტილებები მიგვეღო. ფაქტობრივად, იმ განვლილმა პერიოდმა შექმნა ბაზა, რომ დღეს ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. სოფლის მეურნეობის კომერციალიზაცია ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რათა კონკურენტუნარიანი პროდუქცია შეიქმნას, იმპორტი ჩანაცვლდეს და ექსპორტზეც ადვილად გავიტანოთ. ამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხარისხი და ფასთან მიმართება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაწილი. საოჯახო მეურნეობების გაძლიერებაც არის პროგრამის ნაწილი, რომელზეც დამატებით მიდის მუშაობა და ცოტა ხანში ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პრეზენტაცია, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

