აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გერმანიის გარდა, ამერიკელი სამხედროების შემცირებას იტალიასა და ესპანეთშიც განიხილავს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
ამის მიზეზად ტრამპი ირანის ომის გარშემო არსებულ უთანხმოებას ასახელებს.
„სავარაუდოდ ამ საკითხს განვიხილავ. რატომ არ უნდა გავაკეთო? იტალია არაფრით დაგვეხმარა და ესპანეთი საშინელება იყო, აბსოლუტური საშინელება“, – თქვა ტრამპმა.
მანამდე ტრამპმა გერმანიას აშშ-ის ძალების შემცირებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ირანთან ომში ვაშინგტონის სტრატეგია გააკრიტიკა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან ომით აშშ ეხმარება მთელ მსოფლიოს, მათ შორის ესპანეთს, იტალიასა და გერმანიას. მან ასევე გააკრიტიკა მოკავშირეები, „არ მონაწილეობენ ირანის ბირთვული საფრთხის განადგურებაში“.
ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბრის მონაცემით, გერმანიაში 36 436 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, იტალიაში დისლოცირებულია 12 622 ამერიკელი ჯარისკაცი, ხოლო ესპანეთში 3814. ჯერ უცნობია რა რაოდენობით სამხედროების გაყვანას განიხილავს ტრამპის ადმინისტრაცია.

