საზოგადოების მხარდაჭერა [„ოპოზიციურ ალიანსს”] არ აქვს, ამიტომაც არის, მსუბუქად რომ ვთქვათ, მთელი რიგი უხერხულობები: დამალვა, ჩუმად რაღაცების ჩატარება, რათა არ გაშიშვლდეს მთელი ის სიყალბე, რაც არის ამ ე.წ. ალიანსის გარშემო, – ამის შესახებ ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რაც თავის დროზე ჰქონდათ, მცდარი გადაწყვეტილებებით გაანიავეს.
„ბევრი რამე მიუთითებს იმაზე, რომ ამ ხალხს არ აქვს ნამდვილი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. მათ საზოგადოებაში დასაყრდენი არ აქვთ, რაც გასაგებია. მათ ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რაც თავის დროზე ჰქონდათ, პოლიტიკურად მცდარი, არასწორი გადაწყვეტილებებით გაანიავეს. მათ ფსონი დადეს არა საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარ ქვეყანაზე, არამედ სხვის ინტერესებზე. ამიტომ, ეს საზოგადოებრივი თამასა და მხარდაჭერა აღარ არსებობს. ამიტომაც არის, მსუბუქად რომ ვთქვათ, მთელი რიგი უხერხულობები: დამალვა, ჩუმად, მალულად რაღაცების ჩატარება, რათა არ გაშიშვლდეს მთელი ის სიყალბე, რაც არის ამ ე.წ. ალიანსის გარშემო. ჩვენ შეიძლება ყოველდღიური პოლიტიკური განცხადებები, შეფასებები ვაკეთოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ესეც ზედმეტია. ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებაა უკვე ამ ადამიანებისთვის. თუ მაინცდამაინც უნდათ, ვინმეს შეხვდნენ, კი ბატონო, იარონ, ჩავიდნენ, მაგრამ ესეც აჩვენებს რეალურად, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ,” – განაცხადა მახაშვილმა.

