ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში აპოსტოლოს ციციპოსტასმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ამას მსოფლიოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევრაქტივი“ ავრცელებს.
ციციპოსტასის თქმით, ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული საწვავის დეფიციტის პირობებში ზიანი ყველა ტიპის ტრანსპორტს მიადგება.
მისი თქმით, „ევროპის ზოგიერთ ნაწილში კომერციული თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი საწვავის მარაგები ზეწოლას განიცდის“, თუმცა ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საწვავის დეფიციტის „ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს“.
„ევროპას აქვს საგანგებო რეზერვები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, თუ ეს აუცილებელი გახდება. ამ ეტაპზე ბაზარი ამ შოკს უმკლავდება“, – განაცხადა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, ვითარება თუ გაუარესდება, ევროკომისია მზად არის, დროებით საკუთარი რეგულაციებიც შეცვალოს.
„ჰორმუზის სრუტის ბლოკადა მკაცრი შეხსენებაა, რატომ უნდა დავაჩქაროთ ალტერნატიულ საწვავზე გადასვლა. ევროკავშირი ენერგეტიკულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს“, – თქვა ევროკომისარმა.

