აქტუალური თემა ახალი ამბები პოლიტიკა

“ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად” – ირაკლი კობახიძე

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია – 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად.

„ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან, თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით, უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი ნდობა მოიპოვეთ.

დღეს ჩვენ გულისტკივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია,“- აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, დღეს ქვეყნის თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

„ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს – სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.

დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის მზად არის, დაიცვას ჩვენი მიწა-წყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს.

ძვირფასო წვევამდელებო, თქვენ მიერ დღეს დადებული ფიცი არის იმ დიდი პასუხისმგებლობის დასტური, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისთვის იკისრეთ. მჯერა, თქვენი სამსახური გახდება იმ ურყევი მშვიდობის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს წინსვლისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს და 35 წლის იუბილეს!

ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....