ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ევროპისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეფერხდა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან შეხვედრაზე განაცხადა.
ალექსანდრ სტუბის განცხადებით, აშშ-დან იარაღის მიწოდების შეფერხება ფინეთისთვის საგანგაშო არ არის და შეშფოთების მიზეზს არ წარმოადგენს.
„ჩვენ თავდაცვითი აღჭურვილობის მოწოდების შესახებ მუდმივად ვსაუბრობთ. საიდუმლო არ არის, რომ გარკვეული პარტია ან სხვაგან გადამისამართდა ან მოწოდება შეფერხდა“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის ცნობით, აშშ-მა ესტონეთს HIMARS-ის სარაკეტო სისტემების მიწოდების შეფერხების შესახებ აცნობა.
„ეს სიგნალია იმისა, რომ როგორც ესტონეთში, ისე ევროპაში, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია უფრო სწრაფად უნდა განვავითაროთ“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

