ეს სასამართლო პროცესი თვითონ არის ჩვენი სახელმწიფოს საბოტაჟი, რადგან ასეთი ტიპის შეთითხნილი, მოგონილი პროცესი მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერების დევნა მიმდინარეობდეს, ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან ე.წ საბოტაჟის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული პროცესი ძალიან დიდ ზიანს აყენებს სახელმწიფოს და მის რეპუტაციას.
„ეს სასამართლო პროცესი თვითონ არის ჩვენი სახელმწიფოს საბოტაჟი, რადგან ასეთი ტიპის შეთითხნილი, მოგონილი პროცესი მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერების დევნა მიმდინარეობდეს, ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოს. შესაბამისად, ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს, მის რეპუტაციას. ამიტომაც არის ეს სასამართლო პროცესი დამაზიანებელი და ჩვენი სახელმწიფოს საბოტაჟი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-იდან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

