ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? – ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დაბარება.
როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ნაბიჯით ანტიდასავლური პროპაგანდის ხაზი გრძელდება.
„ახალი არაფერი არის. ანტიდასავლური პროპაგანდის ხაზი გრძელდება და გზების მოჭრა, რომ ეს ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციაში ბოლომდე მოექცეს. ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ რა თქვა, ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა. პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე დაბარება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

