ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ელოდება, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში სამხედრო ძალებს გააძლიერებს, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა.
მისივე თქმით, ალიანსი ამას შესაძლებლობების განვითარებით დაუპირისპირდება.
„ველოდებით რუსული სამხედრო მანქანის შემდგომ გაძლიერებას. ამას დავუპირისპირდებით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებით – ყველაფრით, რისი შეძენაც ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში გვაქვს დაგეგმილი. ეს პირდაპირ კავშირშია საფრთხეების ხასიათთან. რა თქმა უნდა, ნატო-სთვის საფრთხეებია რუსეთი და ტერორისტული დაჯგუფებები“, – განაცხადა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ნომერ პირველი საფრთხე, დრაგონემ განაცხადა:
„რუსეთი პირველი ნომერია. როგორც ჩანს, ეს ახლახან თავად დაადასტურეს. შეიძლება ველოდოთ, რომ რუსეთი შეეცდება, დაიბრუნოს ის, რაც ადრე ჰქონდა“, – აღნიშნა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ჯუზეპე კავო დრაგონემ დააზუსტა, რომ ის საბჭოთა კავშირის დაშლამდე არსებულ „გავლენის სფეროზე“ საუბრობს და არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებზე.

