ევროპამ სამხედრო ხარჯები 14%-ით გაზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (SIPRI) ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნატო-ს 29 ევროპელმა წევრმა თავდაცვაზე 2025 წელს ჯამში 559 მილიარდი დოლარი დახარჯა და ამასთან, ალიანსის 22-მა წევრმა თავდაცვაზე მშპ-ს მინიმუმ 2% ან მეტი გამოყო.
SIPRI-ის ცნობით, ევროპის ქვეყნებს შორის თავდაცვაზე ყველაზე მეტი გერმანიამ დახარჯა, რომელმაც 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ხარჯები 24%-ით გაზარდა და 114 მილიარდ დოლარს მიაღწია. გერმანიის სამხედრო ხარჯებმა 1990 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2%-იან ზღვარს და 2025 წელს მშპ-ს 2.3%-ს მიაღწია.
კვლევის მიხედვით, ესპანეთის სამხედრო ხარჯები 50%-ით გაიზარდა და 40.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ოფიციალურმა მადრიდმა თავდაცვაზე 2025 წელს მშპ-ს 2% დახარჯა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
SIPRI-ის ინფორმაციით, 2024 წლიდან 2025 წლამდე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხარჯები 2%-ით შემცირდა და 89 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასობაში, საფრანგეთის სამხედრო ხარჯები 1.5%-ით გაიზარდა და 68 მილიარდ დოლარს მიაღწია.
„2025 წელს ნატო-ს ევროპელი წევრების სამხედრო ხარჯები 1953 წლის შემდეგ ნებისმიერ დროსთან შედარებით ყველაზე სწრაფად გაიზარდა, რაც ასახავს ევროპის მიერ თვითკმარობისკენ სწრაფვას, შეერთებული შტატების მხრიდან ალიანსში ტვირთის განაწილების გაზრდის მიზნით მზარდი ზეწოლის პარალელურად“, – აღნიშნა ჯეიდ გიბერტო რიკარმა, SIPRI-ს სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის მკვლევარმა.
SIPRI-ს მონაცემებით, მსოფლიოში შეირაღებაზე დახარჯული ფინანსები ზედიზედ მე-11 წელია იზრდება. 2025 წელს გლობალური სამხედრო ხარჯები 2.9%-ით გაიზარდა და 2.89 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ქვეყნებს შორის ყველაზე მეტს შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი ხარჯავენ.

