ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

17 000-მდე მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 27 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5%-მდე შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხი უფრო იაფად აიღონ, რაც თავის მხრვის კომერციული ბანკებისგან გასაცემი სესხების პროცენტს შეამცირებს.

”მარტში წლიური ინფლაცია 4.1%-მდე შემცირდა (თებერვალში ინფლაცია 5.6% იყო). წლიური ინფლაციის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ერთჯერადი ფაქტორების საბაზო ეფექტის ამოწურვისა და ინფლაციის მოლოდინების შემცირებას.

ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 3.0%-ის ფარგლებში იქნება. ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა ჰქონდა ინვესტიციების გააქტიურებას, განსაკუთრებით მშენებლობის დარგში. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. თუმცა, ლარით დენომინირებულ სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდის შენელება ასუსტებს ერთობლივ მოთხოვნას. ეკონომიკური ზრდა შენელებული რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში არსებული ეკონომიკური ვითარების უარყოფითი გავლენის გამო, რაც საგარეო მოთხოვნისა და ფულადი გზავნილების შემცირებაში აისახება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი თვლის, რომ საჭირო არის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება, რაც გულისხმობს საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას ნეიტრალურ დონემდე. ეროვნული ბანკის შეფასებით, პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალური დონე საშუალოვადიან პერიოდში 5-6 პროცენტის ფარგლებშია. შედეგად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შერბილების ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განახლებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე.

ამასთანავე, ლარით მოზიდული სახსრების წახალისების მიზნით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 10%-დან 7%-მდე შემცირება. ამავდროულად, მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 15%-დან 20%-მდე იზრდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 15 ივნისს გაიმართება”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 16 974 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7,5%-მდე დაწია.

იტვირთბა....