აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ისრაელი ლიბანში სამხედრო ოპერაციებს აფართოებს

ისრაელი აცხადებს, რომ მზად არის ძალა გამოიყენოს ჰეზბოლას ობიექტების წინააღმდეგ ლიბანში, რამაც შესაძლოა, მოქმედი, თუმცა არასტაბილური ზავის ფონზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, სამხედროებს დაევალათ „ძლიერი დარტყმების“ განხორციელება ჯგუფის მიზნებზე ლიბანის ტერიტორიაზე. ბრძანების დეტალები არ კონკრეტდება.

შაბათს ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს მსხვერპლი უშუალოდ იმ ოპერაციებს, რომელთა შესახებაც ისრაელის მხარემ განაცხადა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, შეტევების მიზეზი გახდა ჰეზბოლას მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიში, რომელიც ზავის დარღვევად შეფასდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანის სამ რაიონში დაარტყეს დამუხტულ სარაკეტო გამშვებ დანადგარებს და რამდენიმე მებრძოლს. მოგვიანებით ცნობილი გახდა ელიტური დანაყოფის „რადვანის“ მიერ გამოყენებული ობიექტების განადგურების შესახებაც.

გარდა ამისა, ისრაელმა განაცხადა, რომ მის მიერ კონტროლირებულ ზონაში „საეჭვო საჰაერო ობიექტი“ გაანეიტრალა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Hezbollah-მა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ერთ-ერთი განადგურდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იტვირთბა....