აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“არ არსებობს დებულება, რომელიც წევრების გარიცხვას ითვალისწინებს” – ნატო აშშ-ის მიერ ესპანეთისთვის წევრობის შესაძლო შეჩერების შესახებ ინფორმაციაზე

ნატო აცხადებს, რომ არ არსებობს დებულება წევრი ქვეყნებისთვის ალიანსის წევრობის შეჩერების ან მათი გარიცხვის შესახებ.

ნატო-ს ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულება „არ ითვალისწინებს რაიმე დებულებას ნატო-ს წევრობის შეჩერების ან მისგან გარიცხვის შესახებ“.

გამოცემამ ნატო-ს კომენტარისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა, შესაძლოა, ირანის ომისადმი ესპანეთის პოზიციის გამო ქვეყნის ალიანსში წევრობის შეჩერება სცადოს. კერძოდ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ პენტაგონის შიდა ელექტრონულ წერილში აღწერილია ვარიანტები, თუ როგორ უნდა დასაჯოს შეერთებულმა შტატებმა ნატო-ელი მოკავშირეები, რომლებმაც ირანთან ომში აშშ-ის ოპერაციების მხარდაჭერა ვერ შეძლეს. ეს ზომები მოიცავს ესპანეთისთვის ალიანსის წევრობის შეჩერებას და ფოლკლენდის კუნძულებზე ბრიტანეთის პრეტენზიასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის გადახედვას.

ინფორმაციას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანა არა ელექტრონულ ფოსტაზე დაყრდნობით, არამედ ოფიციალური დოკუმენტებით მუშაობს.

„ჩვენ არ ვმუშაობთ ელექტრონული ფოსტით. ჩვენ ვმუშაობთ ოფიციალური დოკუმენტებით“, – უპასუხა სანჩესმა ჟურნალისტს საკითხთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

იტვირთბა....