პაველ ჰერჩინსკი აქამდე ხელისუფლების კრიტიკით შემოიფარგლებოდა, ამ შემთხვევაში ყველანაირ ფარგლებს გასცდა და პირდაპირ ემუქრება ქვეყანას, ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკიმ თავხედური განცხადება გააკეთა.
„რთულია იმის ამოკითხვა, მისი ფრაზების უკან რა იგულისხმება. რა თქმა უნდა, საგარეო უწყებაში მისი დაბარება სწორი იქნება. ეს განცხადება მუქარაა თუ გაფრთხილება, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი და იგივე გამოდის. რას გვაფრთხილებს, თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს არ დავუჯერებთ, იმ საშინელ დროში დაგვაბრუნებენ, რასაც სამოქალაქო ომო ჰქვია? ამას ამბობს? ამას თუ ამბობს, კიდევ უფრო სამარცხვინო ყოფილა, ვიდრე წარმოგვედგინა. მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

