უსაფრთხოების ძალებმა კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსკომნადზორი) ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების დახმარებით იგეგმებოდა, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„18 აპრილს ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა. მოსკოვში, უფაში, ნოვოსიბირსკსა და იაროსლავში დააკავეს ულტრამემარჯვენე და ნეოფაშისტური იდეოლოგიის შვიდი მხარდამჭერი, რომლებიც უკრაინის სადაზვერვო სააგენტოებმა Telegram-ის აპლიკაციის საშუალებით გადაიბირეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, დამნაშავეები ასაფეთქებელი მოწყობილობით ავტომობილის აფეთქებას გეგმავდნენ.
„ჩხრეკის დროს ამოიღეს ერთკილოგრამიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა, F-1 ტიპის ყუმბარა, მაყუჩიანი პისტოლეტი, რაციები, ნეონაცისტური ატრიბუტიკა და უკრაინის პარამილიტარული ძალების სიმბოლოები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმეები იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე აღიძრა. უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირების ტერორისტული თავდასხმის მომზადებისთვის პასუხისგებაში მიცემის საკითხი წყდება.

