აუცილებლად გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხათუნა ხურცილავას განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„ვფიქრობდით ნაწილობრივ მაინც მიიღებდა სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას, გამამართლებელ განაჩენს ვგულისხმობ, მაგრამ არაუშავს, გავასაჩივრებთ და სააპელაციო საჩივარში ვიდავებთ.
არ ველოდებოდით სრულ გამამტყუნებელ განაჩენს იმიტომ, რომ ბრალდება დამოკიდებული იყო მხოლოდ ღუდუშაურის და ტუკვაძის ჩვენებაზე, ორივე იყო მნიშვნელოვნად მიჩნეული. სანამ მათ არ მისცეს ჩვენება, ბრალი ვერ წაუყენეს ბატონ ჯუანშერს და ახლაც მოსამართლემ გაიზიარა ეს ორი უსუსური ჩვენება, რომლებმაც თავის გადარჩენის მიზნით მისცეს ჩვენება… პროკურატურამ რატომ გვითხრა უარი საპროცესოზე პასუხი არ გვაქვს“, – განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.
კითხვაზე, ჯუანშერ ბურჭულაძე რატომ არ ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას, ადვოკატი აცხადებს: „სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა“.
ცნობისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, ჩამოერთვა ქონება – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. მასთან ერთად დაკავებულ გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს კი 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა.

