ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

ერთი მოსამართლის აცილება არ დაკმაყოფილდა: მეორე მოსამართლის საკითხი მოგვიანებით გაირკვევა

 

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის შუამდგომლობა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა უკვე დააყენეს ერთ-ერთი მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობა. ამის საფუძველი, „რუსთავი 2″-ის ინტერესების დამცველების თქმით, არის ის, რომ გუჯაბიძე იმ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია, რომელიც  მოსამართლე თამაზ ურთმელიძის უფლებებს იცავდა, მაშინ, როდესაც მასთან დაკავშირებით არა ერთი კითხვა არსებობდა ,,რუსთავის 2″-ის პროცესების თაობაზე.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა კი მოითხოვა, რომ  სასამართლო კოლეგიას  ადვოკატების შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა. მოსამართლეთა კოლეგიამ  შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ გუჯაბიძის აცილების მოთხოვნა დამყარებულია ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის განცხადებებზე და ასევე იმ ფაქტზე, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ჯგუფელი იყო, რაც მოსამართლეთა კოლეგიამ არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია.

მოგვიანებით, „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კიდევ ერთ მოსამართლე, შორენა ყაველაშვილის აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, ყაველაშვილი იყო იმ კოლეგიის თავმჯდომარე, რომელმაც 2013 წელს ნიკა გვარამიას საქმე განიხილა და ის გაამართლა.

გვარამიას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, განაჩენი გამამართლებელი იყო თუ გამამტყუნებელი, აუცილებელია შორენა ყაველაშვილი ჩანაცვლდეს ისეთი მოსამართლით, რომელსაც, მისი თქმით, მასთან შემხებლობა არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია აპროტესტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან „რუსთავი 2“-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ტელეკომპანიის ადვოკატები ასევე ასაჩივრებენ ურთმელიძის რამდენიმე განჩინებასაც. საკუთარი საჩივარი აქვს მეორე მხარესაც – ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ასევე გააპროტესტებს ურთმელიძის რამდენიმე გადაწყვეტილებას.

სასამართლო პროცესი 13 მაისისთვის გადაიდო.

 

იტვირთბა....