ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგება.
81 წლის დუტერტეს 2011-2019 წლებში ნარკოდანაშაულთან გამოცხადებული ბრძოლის დროს ათასობით ადამიანის გასამართლების გარეშე მკვლელობაში ადანაშაულებენ.
წინასასამართლო სხდომაზე დუტერტეს წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა ერთსულოვნად დაადასტურეს. როდრიგო დუტერტე უკვე ერთი წელია, პატიმრობაში იმყოფება.
ფილიპინების ყოფილი ლიდერი წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს რომ ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის დროს პოლიცია იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით იყენებდა. ამასთან, დუტერტე არ აღიარებს ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესს და ამტკიცებს, რომ 2019 წელს ფილიპინები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებიდან გასული იყო.
მოსამართლეებმა განაცხადებს, რომ დუტერტეს საქმის განხილვა შესაძლებელია, რადგანაც 2011-2019 წლებში, როდესაც სავარაუდო დანაშაულები არის ჩადენილი, ფილიპინები ჯერ კიდევ იყო ჰააგის სასამართლოს წევრი.როგორც ცნობილია, სასამართლოს წინაშე წარდგება 500 მოწმე, რომლებიც ფილიპინების პრეზიდენტის მიერ ნარკოდანაშაულთან ბრძოლისას დაზარალდნენ.
დუტერტეს ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ფილიპინების ყოფილი ლიდერი კოგნიტიური დარღვევების გამო სასამართლოს წინაშე ვერ წარდგება. თუმცა, მოსამართლეებმა ეს არგუმენტი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე უარყვეს.
ფილიპინების მოქმედი პრეზიდენტი მიესალმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. პარალელურად ფილიპინების დედაქალაქ მანილაში დუტერტეს მხარდამჭერები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

