გერმანიაში დააკავეს უკრაინისა და ლატვიის ორი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან შესაძლო კავშირში და დივერსიების მოსამზადებლად ინფორმაციის შეგროვებაში.
ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.
ბავარიის მიწის კრიმინალურმა პოლიციამ და მიუნხენის პროკურატურამ განაცხადეს, რომ დაკავებულები სავარაუდოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებას ასრულებდნენ.
43 წლის უკრაინელი და 45 წლის ლატვიის მოქალაქე სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ მოექცნენ 12 აპრილს, ნოენდეტელსაუსთან გზაზე ჩატარებული რუტინული შემოწმების დროს. პოლიციის თქმით, ისინი გადაადგილდებოდნენ სხვა ქვეყნის ორგანიზაციის თანამშრომლების სახელით. აღმოაჩნდათ ნივთები, რომლებმაც ეჭვი გააჩინა გერმანიაში მათი ყოფნის რეალურ მიზნებთან დაკავშირებით, მათ შორის რამდენიმე მობილური ტელეფონი და SIM-ბარათი, ყალბი პირადობის მოწმობები, რადიოკავშირის მოწყობილობები და დრონი.
ორივე პირი გამოძიების ფარგლებში პატიმრობაში დატოვეს. მათ ბრალად ედებათ, მათ შორის დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით სადაზვერვო საქმიანობა და ყალბი დოკუმენტების ფლობა. მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

