უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა – ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი , – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამავდროულად, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები პროგრამებში, სადაც საჭიროება გაჩნდება.
„ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
„მივესალმები ფერმერებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც დგას ჩვენი სოფლის გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა.
სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ყველას კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც ეს დარგი მხოლოდ ფერმერთა ენთუზიაზმზე იდგა. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ თავისი მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა – ჩვენ სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ტექნიკასა და ცოდნაში.
შედეგები ხელშესახებია: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ნაწარმი თანმიმდევრულად იკავებს თავის ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

