აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

 “შესაბამისი ნაბიჯები თუ იქნება დასავლეთიდანაც და დავინახავთ, რომ ისინი ობიექტურად იქცევიან, რა ძალა გვადგას, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ?” – თენგიზ შარმანაშვილი 

ეს არ არის ცვლილება სუს-ში, – ასე უპასუხა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რას უკავშირდება ასეთი ხშირი ცვლილებები სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე.

„შემოღებული არის ახალი თანამდებობა, ვიცე-პრემიერის დონეზე იქნება ეს ყველაფერი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცავ ორგანოებს და გადაწყდა, მამუკა მდინარაძე ჩაუდგეს ამას სათავეში. ანუ, მხოლოდ სუს-ის პრობლემატიკით კი არ იყოს დაკავებული, არამედ სხვა სამართალდამცავი ორგანოებისაც და კოორდინაცია გაუწიოს მათ საქმიანობას. ასე რომ, ამას ნუ განვიხილავთ ასე, რომ სუს-ში მოხდა ცვლილება. მოხდა ახალი სტრუქტურული გადალაგება მთავრობის, ახალი ამოცანებიდან გამომდინარე გახდა იმის აუცილებლობა და საჭიროება, რომ კოორდინატორი ჰყოლოდა ამ საქმეს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ამ აღსრულებისთვის შეირჩა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პირი, პოლიტიკური გამოცდილების მქონეც და, რაც მთავარია, მენეჯერული გამოცდილების მქონე.

„მე მამუკა მდინარაძის დახასიათება ბევრად არ მჭირდება ჩემთვის, ჩემი თავისთვის. იმიტომ, რომ მე მასთან მიმუშავია პარლამენტშიც და ვიცი, რა მენეჯერული თვისებები გააჩნია. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, 24 საათში 23 საათი იმუშაოს და იმუშაოს ეფექტურად, რაც მთავარია. ბევრი წარმატება, რომელიც უმრავლესობის მიერ იქნა მიღწეული, იყო მისი მენეჯერული თვისებებიდან გამომდინარე. ამიტომ ჯერ ეს თანამდებობა იყო მოფიქრებული, რომ არის ასეთი თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ამ ყველაფერს და მერე შეირჩა საუკეთესო პირი ამ თანამდებობისთვის და არა პირიქით, რომ ჯერ მამუკას გადაყვანა სადღაც გახდა საჭირო და მერე მოიფიქრეს ეს თანამდებობა. ამიტომაც გეუბნებით, რომ ეს არ არის სუს-ში მორიგი ცვლილება, ეს არის სტრუქტურულად უფრო მეტი კოორდინაციის საჭიროება. მეც ვთვლი, რომ ამ თანამდებობაზე ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პირი მართლაც მამუკა იქნებოდა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

მისი თქმით, გეკა გელაძემ აჩვენა, რომ უბრალო მოქალაქესაც, თავისუფლად შეიძლებოდა, ჩამოყალიბებოდა შთაბეჭდილება ამ კაცის თვისებებზე, მისი უნარებიდან გამომდინარე.

„მან მართლაც არნახული სამუშაო გასწია. მე, დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ანტისაბჭოთა მოძრაობაში ვიყავი და დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, ასეთი ეფექტური ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკებთან არ მინახავს, არც მსმენია. ამ კაცმა აჩვენა ეს თვისებები, რა თქმა უნდა, ამ გამოცდილებას წაიღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც და დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან ეფექტური იქნება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

იტვირთბა....