გაერო-ს გენერალური მდივანი მიესალმება შეერთებული შტატების განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების შესახებ, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეესკალაციისკენ და ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის კრიტიკული სივრცის შექმნისკენ.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიყენონ ეს იმპულსი, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ ცეცხლის შეწყვეტას და კონსტრუქციულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში კონფლიქტის მდგრადი და ხანგრძლივი გადაწყვეტის მისაღწევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გენერალური მდივანი შემდგომი მოლაპარაკებების ხელშეწყობის კუთხით პაკისტანის ძალისხმევის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავს.
„გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი გადაწყვეტისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

