ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა ერთ-ერთი მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ამის საფუძველი „რუსთავი 2-ის“ ინტერესების დამცველების თქმით, არის ის, რომ გუჯაბიძე იმ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია, რომელიც იცავდა თამაზ ურთმელიძის უფლებებს მაშინ, როდესაც მასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობდა „რუსთავის 2-ის“ პროცესების თაობაზე.
უკვე ცნობილია, რომ ქიბარ ხალვაშის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმება.
დღეს მოსამართლეთა კოლეგია მხარეების საჩივრებს მოისმენს. სამაუწყებლო კომპანია აპროტესტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან „რუსთავი 2“-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ტელეკომპანიის ადვოკატები ასევე ასაჩივრებენ ურთმელიძის რამდენიმე განჩინებასაც. საკუთარი საჩივარი აქვს მეორე მხარესაც – ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ასევე გააპროტესტებს ურთმელიძის რამდენიმე გადაწყვეტილებას.
დღევანდელ არსებით განხილვაზე სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია ორივე მხარის შუამდგომლობებს მოისმენს. ეს პროცესის მეორე სხდომაა. განხილვა ერთი კვირის წინ დაიწყო.
პირველ სხდომას ვერ ესწრებოდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ადვოკატების შუამდგომლობის მიუხედავად, მოსამართლეებმა არ გადადეს პროცესი და შემდეგი სხდომა სამი სამუშაო დღის შემდეგ ანუ დღეს დანიშნეს. სწორედ ამ მიზეზით გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლება ცდილობს ფორსირებულ რეჟიმში ჩაატაროს სასამართლო.
„ზოგადად ვფიქრობთ, რომ პროცესები მიმდინარეობს დაჩქარებული წესით, ვინაიდან კოლეგიამ ისე დაგვინიშნა სხდომა, რომ ჩვენ ჯერ მათი შემადგენლობაც კი არ ვიცოდით. ასევე, მათ განიხილეს ყადაღა, თუმცა პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაგვიანებულია და ისედაც გაიწელა ვადები ყადაღასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ აქვთ გამოტანილი,“ – განმარტავს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი.