საქართველოში პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნა უნდა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მე რუმინეთისა და ევროპული მხარის სახელით მკაფიო გზავნილი გადავეცი სასამართლო სისტემის რეფორმებისა და ზუსტი დემოკრატიული პროცესების დაცვის აუცილებლობის შესახებ. მაგრამ, ასევე, ჩვენ იქ პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნა უნდა გავაგრძელოთ. ეს ალტერნატივა კი ნათელია ეკონომიკური ზრდისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რასაც ჩვენთვის, შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ასევე, ოანა-სილვია ცოიუმ „ევროსკოპის“ შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მისი გზავნილი საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე.
„ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს და იგივე გზავნილი გადავეცი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ დიალოგის განახლების აუცილებლობის შესახებ განვაცხადეთ, თუმცა ამისთვის რეფორმების გატარებაა საჭირო. დაკავებული ოპოზიციის ლიდერები ნამდვილი მართლმსაჯულების სისტემის წინაშე უნდა წარდგნენ და მართლმსაჯულების სისტემის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტად გამოყენება არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების შესახებ. ეს ჩვენი საუბრისას ჩემი კოლეგის მთავარი პერსპექტივა იყო და ასევე, ის ფაქტი, რომ დაკავშირებადობა, ღია დიალოგი და ჩვენი უნარი, შევქმნათ პრორუსული გავლენის პროევროპული ალტერნატივა, წინსვლის გზას წარმოადგენს“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, „საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისა და დიალოგის გაგრძელების შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს“.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ერთგულები ვართ როგორც ქართველი ხალხის ევროპული მომავლის, ისე ევროპული ალტერნატივის შექმნის მიზნით დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ. ასევე, ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატია მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც ოპოზიცია არსებობს“, – განაცხადა ოანა-სილვია ცოიუმ.

