აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა აშშ-თან, საქართველოსთან, ნიდერლანდებთან, ჩინეთთან, კონსტრუქციულ ტრანსფორმაციას განიცდის ურთიერთობები რუსეთთან ” – ნიკოლ ფაშინიანი 

სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა, დიალოგი და დღის წესრიგი დაამყარა აშშ-თან, საქართველოსთან, ნიდერლანდებთან, ჩინეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ყაზახეთთან, ევროკავშირთან, გერმანიასა და ლუქსემბურგთან. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები კონსტრუქციულ ტრანსფორმაციას განიცდის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთსასარგებლო, კონსტრუქციულ ურთიერთობებს განავითარებს.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, რეგიონალიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბალანსებულ, სამართლიან საგარეო პოლიტიკაში, რომლის მთავარი მიზანია სომხეთის რესპუბლიკისთვის არა მხოლოდ შესაძლებლობების, არამედ კომფორტული პირობების შექმნა, რათა მან გარე მხარდაჭერის გარეშე საკუთარ გარემოში იცხოვროს.

ფაშინიანის თქმით, ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. მისივე განცხადებით, ქვეყნის მმართველი პარტია ამ გზას გააგრძელებს.

„ამ კონტექსტში, რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრული განბლოკვა, მათ შორის „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელება და გიუმრი-ყარსის რკინიგზის ოპერირება, არა მხოლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს მშვიდობას, თანამშრომლობას რეგიონში, არამედ მის „მშვიდობის გზაჯვარედინსაც“ აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირის მნიშვნელოვან ცენტრად გარდაქმნის. რეგიონალიზაციის პრაქტიკული განხორციელების უზრუნველსაყოფად ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ „3+3“ ფორმატის შემდგომ განვითარებას, რაშიც სომხეთის რესპუბლიკაც შეიტანს წვლილს. ამ ფორმატში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა ასევე მნიშვნელოვანია სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების კონსტრუქციული ტრანსფორმაციისთვის“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

იტვირთბა....