აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, დღეს თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს საკუთარ პატრონს, ივანიშვილსაც” – გიორგი სიორიძე

პარტიების აკრძალვა არის ის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, როგორ უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ეს პროცესი.

„მათ წამოიწყეს ეს ძალიან სახიფათო თამაში და დღეს თავადვე არიან აბლანდულები. მათ თავგზა აუბნიეს საკუთარ პატრონსაც, ბიძინა ივანიშვილსაც. ამდენი თვეა ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა არანაირი ქმედება ჩვენ არ გვინახავს, რაც იმის ნიშანია, რომ მათ არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ უნდა დასრულდეს ეს პროცესი. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ქვეყანა შეჰყავს იმ სპირალში, რომლის შედეგიც არის არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არა მხოლოდ იზოლაცია, არამედ სიღარიბე, უმუშევრობის ზრდა, ფასების ზრდა, ის ყველაფერი, რაც თითოეულ მოქალაქეს ძალიან მძიმედ ტვირთად აწვება. ამაზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“ და ამის შემდეგ ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რომელიც არ უნდა გადადგან, უფრო მეტად გააღრმავებს ამ კრიზისს, პოლარიზაციას და ისევ „ქართულ ოცნებას“ შემოუბრუნდება უკან,“ – განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, ძველ სარჩელს კი უკან გამოითხოვს. ახალი სარჩელის საფუძველზე იმ პარტიების რაოდენობა იზრდება, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, კერძოდ პარტიების ჩამონათვალს პარტია „ფედერალისტები“ ემატება.

იტვირთბა....